17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ხელისუფლება სკოლების სამეურვეო საბჭოში სანდო კადრებით დაკომპლექტებას ცდილობს

საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისულფება ცდილობს, სკოლების სამეურვეო საბჭოები სანდო კადრებით დააკომპლექტოს. 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს 2000-ზე მეტი სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. ახალრჩეული სამეურვეო საბჭოები კი მას ან თავიდან დანიშნავენ, ან შეცვლიან.

53-ე საჯარო სკოლაში მშობლებს ინფორმაცია უჩინარ არჩევნებზე არ აქვთ. არადა სწორედ მათ უნდა აირჩიონ პედაგოგებთან ერთად სამეურვეო საბჭოები ორშაბათს, ახალმა საბჭომ კი დირექტორები დანიშნოს. 

"კურიერი" 116-ე სკოლაში იმის გასარკვევად მივიდა თუ რატომ ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩუმად. დირექტორმა კარი ჩაგვიკეტა და მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა ჩვენთან შესახვედრად, რაც სკოლის ტერიტორია არ დავტოვეთ.

სკოლა, რომლის დირექტორმაც მშობლების დიდ ნაწილს ორშაბათს დანიშნულ არჩევნებზე ინფორმაცია დაუმალა, დიდუბეში მდებარეობს. აქ სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის დედაა.

სკოლის პედაგოგებზე რომ ტერორი მიმდინარეობს, ამას კამერის წინ არ ყვებიან, ეშინიათ, თუმცა განათლების სფეროს სპეციალისტებს თვითონ უთხრეს, რომ ტერორი დაიწყო. ხელისულფება ცდილობს საპარლამენტო არჩევნების წინ სამეურვეო საბჭოები სანდო კადრებით დააკომპლექტოს.

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნები ფორმალურია და კანდიდატურებს რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არჩევენ.

სუსი მხოლოდ თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს არ აკომპლექტებს. ფსიქოლოგიური განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ საბჭოს არჩევნები რეგიონებშიც ფორმალურია და რეალურად გამგებლები არჩევენ, ვის უნდა ჩააბარონ სკოლები.

სკოლის დირექტორები, რომლებმაც ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა საკუთარ თავზე გამოსცადეს, ყვებიან, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ხელისუფლებას სკოლის სანდო დირექტორები ყველაზე მეტად სჭირდება. თანამდებობის დაკარგვის შიშით კი მოქმედი დირექტორები მზად არიან მმართველ პარტიას თამაშში გაყვნენ, საბჭოს არჩევნები ჩუმად ჩაატარონ და შემდეგ ამ საბჭოებისგან პოსტზე ხელახალი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღონ.

ხელისუფლებამ სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნები განზრახ არდადეგებს და სამუშაო დღეს დაამთხვია. ამისთვის კანონში ცვლილებებიც შეიტანა, ამ ნაბიჯებით განათლების სამინისტრომ, პრაქტიკულად, მიიღო გარანტია, რომ არჩევნებზე წინასწარ დაინტერესებული ადამიანების გარდა სხვა არავინ მივა, შესაბამისად, 2020-ის წინ მიიღებს საბჭოებს და დირექტორებს, რომლებსაც ენდობა და რომელიც არჩევნების მოგებაში დაეხმარება.

თუ 2000-ზე მეტ სკოლაში ხელისუფლება მისთვის მორჩილ დირექტორს დანიშნავს, ეს არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის დიდი რესურსი იქნება, რადგან საქართველოს სკოლებში 60 ათასი მასწავლებელია. არჩევნებზე - 60 ათასი ხმა კი გადამწყვეტი.

დღის ამბები