ზუგდიდში მწვანე ნარგავები ხმება. გაქრობის საფრთხის წინაშეა დეკორატიული ხეები და ბუჩქები. მოსახლეობა და სპეციალისტები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. მათი თქმით, წლებია მწვანე ნარგავები არ შეუწამლავთ და არ გაუსხლავთ. ზაფხულის ცხელ დღებში კი გახმობის პირას მისული ხეების მორწყვა ადგილობრივ ხელისუფლებას მანამდე არ გახსენებია, ვიდრე საკითხით "კურიერი" არ დაინტერესდა.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში, 15 წლის წინ დარგული მცენარეები, რომლებშიც წინა ხელისუფლებამ ასიათასობით ლარი დახარჯა, ახლა გვალვისა და სოკოვანი დაავადებისგან ხმება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მორწყავენ და შეწამლავენ მცენარეებს, შემოდგომამდე ყველა მათგანი მოსაჭრელი გახდება.
ხეების ხმობით შეწუხებულია მოსახლეობაც. ადგილობრივები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მათგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ პრობლემის შემთხვევაში მათ ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ.
იმ დროს, როდესაც კურიერის გადამღები ჯგუფი ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს კომენტარისთვის დაუკავშირდა, აღმაშენებლის ხეივანზე უწყების თანამშრომლები გამოჩნდნენ და ხეების მორწყვა დაიწყეს. ხეების ხმობის პროცესის დაწყებას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, მცირე რეზერვუარებით, თითქმის, ყოველ ღამე წყალს ხელით ასხამენ. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს მცენარეების მოსარწყავი ტექნიკა საერთოდ არ გააჩნია.
ავტორი: თამთა ჯიქია, ემა გოგოხია.