აქცია მარნეულში - ადგილობრივმა ბიზნესმენმა ბაზრის ტერიტორიაზე სამუშაოები კანონის დარღვევით წამოიწყო და სავარაუდოდ, სხვისი ტერიტორიაც მიითვისა. მოსახლეობა ამბობს, რომ ბიზნესმენს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები მფარველობენ.
საკრებულოს წევრი აზად ქერიმოვი მარნეულის მცხოვრებს ბაზრის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობისთვის დაუპირისპირდა. როგორც ადგილობრივი დეპუტატი ამტკიცებს, გახრამან ბაქიროვმა ტავის საკუთარი სავაჭრო ობიექტი ჯერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დაანგრია. ახლის ასაშენებლად კი უნებართვოდ იმაზე მეტი ტერიტორიაა მიისაკუთრა, ვიდრე ეკუთვნოდა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, მაგრამ საკითხით მხოლოდ ოპოზიცია დაინტერესდა. ადამიანები, რომლებიც ბაზარში საათობით დგომით ოჯახებს არჩენენ, ფიქრობენ, რომ ბაქიროვი "ქართული ოცნების" ლიდერებთან მეგობრობით სარგებლობს და ტერიტორიებს ყოველგვარი საფასურის გარეშე ითვისებს. ამ დანაშაულზე კი ოპოზიციის მტკიცებით, მას პასუხს არავინ სთხოვს.
ამ ბრალდებებზე დეპუტატი ჰაჯიევი "კურიერთან" განმარტებებზე უარს ამბობს. ობიექტის მფლობელი კი ამბობს, რომ ტექნიკა გაუფუჭდა, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ მოახერხა.
მას შემდეგ, რაც საკითხით "კურიერი" დაინტერესდა და ინფორმაცია მარნეულის მერიაში გადავამოწმეთ, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტის მშენებლობა შეამოწმა. ინსპექტირებით კი დადასტურდა, რომ გახრამან ბაქიროვი ნამდვილად უკანონოდ აშენებდა.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.