17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ფულის კეთება პენსიონერების ხარჯზე - თაღლითის როლში ის ბანკია, რომელიც მათ პენსიებს ურიგებს

ფულის კეთება თაღლითობით, პენსიონერების ხარჯზე - თაღლითის როლში ის ბანკია, რომელიც მათ პენსიებს ურიგებს. "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, ყვება, რომ მათ პირდაპირ მისცეს მითითება, უკლებლივ ყველა პენსიონერისთვის კრედიტი მიეცათ.

თუ ხანში შესული ადამიანის დათანხმება ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ის მოტყუებით უნდა გაებათ მახეში. პენსიონერებს ისე აწერინებდნენ ხელს დოკუმენტებზე, რომ არც კი ეუბნებოდნენ, სინამდვილეში რა ეწერა ამ ქაღალდებში.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ლიბერთი ბანკი“ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის ხელში აღმოჩნდა, ბანკის მენეჯმენტში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუდან“ გადმოსული კადრები გამოჩნდნენ. ეს ორი ბანკი წლებია შერწყმის პროცესშია. როგორ ირკვევა, ზოგჯერ პენსიონერს ოვერდრაფტს ისე უაქტიურებენ, რომ ამ უკანასკნელმა არც კი იცის, რასთან აქვს საქმე.

რესპონდენტმა წარმოადგინა ოფიციალური კორესპოდენციის ნაწილი, იმის დასამტკიცებლად რომ ხალხის დაყაჩაღების გეგმა ბანკის მენეჯმენტიდან მოდის.

ბანკში ამბობენ, რომ ვალდებულებებს ყველა კლიენტს დეტალურად უხსნიან. ვრცელი ინტერვიუსთვის კი ბანკში ჯერ მზად არ აღმოჩნდნენ. დარეჯან სანაიას მსგავსად, 700 000 პენსიონერიდან თითქმის ნახევარს, აღებული აქვს ან საპენსიო სესხი, ან საპენსიო ოვერდრაფტი. როგორც რესპონდენტი ყვება, მათ ვინც ბანკის შიგნით ხმის ამოღებას ბედავს, ემუქრებიან, უშვებენ სამსახურიდან, ცდილობენ მოისყიდონ, ვისაც ვერ ყიდულობენ, ურჩევენ, კარგად დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები