17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ავარიის დროს 20 წლის გოგონა იმსხვერპლა, ამ დრომდე დაუსჯელია

საზარელი ავტოავარია თბილისში - დადიანის გამზირზე ავტომობილი ორ დას 20 წლის ქეთევანს და 11 წლის ელენე მითაგვარიებს დაეჯახა. შემთხვევა საბედისწერო აღმოჩნდა უფროსი დისთვის, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ავარიის დროს გზის მეორე მხარეს ოპელის მარკის ტაქსი მოძრაობდა. პირველი შეჯახების შედეგად გასროლილი გოგონები სწორედ ამ ავტომობილის სიახლოვეს აღმოჩნდნენ.

თვითმხილველებმა შეამჩნიეს, რომ გოგონებს ვერცხლისფერი მერსედესი შეეჯახა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ეს მანქანა და მისი მძღოლი აღარავის უნახავს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2018 წლის 8 ივლისს მოხდა. ორი დღის შემდეგ კი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ალექსანდრე იორდანიძე მივიდა და აღიარა, რომ მერსედესის მარკის ავტომობილს, რომელიც გოგონებს დაეჯახა, ის მართავდა. პოლიციელის მიერ აღიარების 48 საათით დაგვიანებამ, ოჯახს და გამოძიებას საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პოლიციელის მიმართ რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიება ამ დრომდე არ გატარებულა. უმოქმედობის მიზეზად პროკურატურა იმ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებს, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის 24 ივლისს დაინიშნა.

პროკურატურის მსგავსად, საკუთარი თანამშრომლის მიმართ ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას არც შსს ჩქარობს.ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კი დაგვიანების მიზეზად გადატვირთულ საექსპერტო ლაბორატორიებს ასახელებენ.

ოჯახი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად პოლიციელი საკუთარ გავლენებს იყენებს, სისტემა კი მას მფარველობს.

"პოსტკრიპტუმი" ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელის ალექსანდრე იორდანიძის ადვოკატსაც დაუკავშირდა. ნუკრი კვინიკაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამჟამად მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, შესაბამისად, საქმის მასალებს არ იცნობს.

ოჯახი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებასა და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

დღის ამბები