17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ორი მაღალკვალიფიციური კვლევა - დასკვნების მიუხედავად, ვერეს ხეობაში, მრავალსართულიან შენობები მაინც შენდება 

ვერეს ხეობაში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 2015 წლის 13 ივნისს მოვარდნილ წყალს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მერია ახალ მრავალსართულიან შენობებს აშენებს. მდინარე ვერეს პირველ ტერასაზე ბიზნეს ცენტრი უნდა აშენდეს. მისი აივნები ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გადაეკიდება. გვერდით სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და ტერასა სრულად შეივსება ნაგებობებით.

2015 წლის სტიქიამ ეს ადგილი მეტრ ნახევარი წლით დაფარა. ტრაგედიიდან მალევე, ქვეყანაში 2 მაღლკვალიფიციური კვლევა ჩატარდა. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველებთან ერთად ხეობა შეისწავლეს. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერები ამბობენ, რომ ორივე დასკვნა ცალსახად თანხმდება, რომ მდინარის კალაპოტში და მასთან სიახლოვეს, მშენებლობები დაუშვებელია.

ვერეს ტერასაზე მშენებლობის ნებართვა მერიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული წერილის საფუძველზე გასცა. ჩატარებული ღონისძიებების, დათვლილი მანძილებისა და დატბორვის არეალების განსაზღვრის შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერასა უფრო დიდი წყალმოვარდნის დროსაც აღარ დაიტბორება. 

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერები კი ამბობენ, რომ ვერეს პირველ ტერასაზე მშენებლობა გაუმართლებელია. 

სვანიძის ქუჩაზე უკვე აშენებულია სასტუმრო, რომლის ნებართვაც სტიქიამდე გაიცა, თუმცა მშენებლობა სტიქიის შემდეგ დაიწყო. 

დედაქალაქის მერიაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეკომენდაცია, რაც კვლევებშია მოყვანილი, გაითვალისწინეს. მეწყრის კერასთან ბეთანიაში ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, გააფართოვეს მდინარის კალაპოტი და დაამონტაჟეს 2 დამჭერი. მდინარის 100 წლიანი ხარჯის გათვალისწინებით, მათი თქმით, ზუსტად გათვალეს ხეობაში ის ადგილები, რომელიც წყალმოვარდნის დროს დაიტბორება.

დღის ამბები