ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - დაკავებული მოზარდის, დ.ღ.-ს ოჯახი და ადვოკატი, საქმის პროკურორების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. არასრულწლოვანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის არის მსჯავრდებული. დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმე გაყალებებულია, მოწმეების ჩვენებები კი ზეწოლით მიღებული.
დ.ღ.-ს ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში დღეს სამი საჩივარი შეიტანა. ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, დოკუმენტები პროკურორმა ფხაკაძემ, გუგუშვილმა და საქმის ექსპერტმა გააყალბეს.
„ვითხოვთ სასწრაფოდ ფხაკაძე-გუგუშვილის მიმართ ცრუ ჩვენებაზე, ექსპერტის მიმართ სავარაუდო დოკუმენტის გაყალბებაზე მათ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ჩავაბარეთ პროკურატურას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ოქმი, მოსამართლის განაჩენი, სადაც ცალსახად უთითებს, რომ პროკურორებმა ფხაკაძემ, გუგუშვილმა და ასევე ექსპერტმა, იცრუეს სასამართლოზე. ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულება, სადაც ბავშვი პირდაპირ ამბობს, რომ შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დადგინდა, თუ როგორ გაყალბდა ხორავას ქუჩის საქმის მასალები. პროკურორებმა, გამომძიებლებმა როგორ დაფარეს დანაშაული. უდანაშაულო ზის საპყრობილეში, ხოლო მწამებლები, რომლებმაც არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, დაწინაურებულები არიან და გახარია-ივანიშვილი ხელს აფარებს, რათა სისტემა არ გამოაშკარავდეს“, - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
დ.ღ.-ს ინტერესების დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო უწყება მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.