17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"ეს უდანაშაულო ბიჭები დაუყოვნებლივ გამოუშვან" - ფოთის პოლიციასთან დაკავებული მწვრთნელების გათავისუფლებას ითხოვენ 

ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტაიკვანდოს სამი მწვრთნელი ამ დრომდე ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მათთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპორტსმენების მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან. 

დაკავებულთა ახლობლები გუშინ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებიც არიან. მათი განცხადებით, ​ტაიკვანდოში საქართველოს ჩემპიონატზე დაპირისპირება, ტაიკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის გარემოცვის პროვოკაციას მოჰყვა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც სამი მწვრთნელის დაკავებით დასრულდა. 

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს უდანაშაულო ბიჭები დაუყოვნებლივ გამოუშვან. პირდაპირ ვამბობთ, რომ ამაში დამნაშავე სულხან ბაბუაძე და მისი კლანია“, - კლუბ „იმერეთის“ მწვრთნელი, რომეო გურეშიძე.

სპორტსმენები ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციას დიდი დაფინანსება აქვს, სპორტის აღნიშნული სახეობა პრობლემების წინაშე დგას.

„მათი ეს დაკავება - უსამართლობაა, აუცილებლად გამოიწვევს, კუბშიავა ყველა ის პრობლემა, რაც ამ დრომდე იყო ფედერაციაში. ეს კაცი აუცილებლად წავა აქედან და მას გაჰყვებიან ის ადამიანებიც, ვინც ხელს აფარებს. ჩვენი შემართებაც გამძაფრდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით“, - აცხადებს  კლუბ „დოჯოს“ მწვრთნელი, შოთა ქოჩიაშვილი.

სამართალდამცველებმა სპორტსმენები გუშინ დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები