აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველი, ავთანდილ მამედოვი ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს. ის სამართალდამცველებმა მარნეულში აიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამედოვი ინტერპოლის წითელი ცირკულარით, თაღლითობის გამო იძებნებოდა.
მამედოვი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს წლებია უშედეგოდ ითხოვს. დაკავებულის მეუღლე და მეგობრები ეჭვობენ, რომ მან შესაძლოა, აფგან მუხთარლის ბედი გაიზიაროს.
მამედოვის მეუღლე ამბობს, რომ მისი მეუღლე აზრბაიჯანიდან პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი. მას, როგორც უფლებადამცველს, ხელისუფლება დევნიდა. გუნელ მამედოვას თქმით, მის მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის შემთხვევაში პატიმრობა ელის.
"პირველი საათი იქნებოდა ჩემი მეუღლე საცხოვრებელი ბინის უკან დააკავეს. მანამდე მარნეულის პოლიციიდან დაურეკეს, რომ შენთან მოვდივართ და უნდა გნახოთო. ავთანდილი რომ ჩავიდა ხელებზე ბორკილები დაადეს. მისი დაკავების შემდეგ თარჯიმანმა გოგომ დამირეკა, შენი მეუღლე დაკავებულია და ჩამოდი, მისი ნივთები წაიღეო. რომ ჩავედი ჩემს მეუღლეს ხელებზე ბორკილები ედო. მისი ნივთები და ტელეფონი გადმომცეს. მითხრეს, აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე არის დაკავებული და შეიძლება გადავცეთ აზერბაიჯანსო. მეშინია, მართლა ასე არ მოხდეს. ჩვენ დიდი ხანია საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ, უარი მივიღეთ. პასუხი გავასაჩივრეთ. 21-ში სასამართლო სხდომა უნდა ყოფილიყო. ავთანდილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ გადასცენ, მას კარგი დღე არ ელის. აუცილებლად ციხეში ჩასვამენ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან ის იქ უფლებადამცველი იყო,რაც იქაურ ხელისუფლებას არ მოსწონდა და დაიწყეს მისი შევიწროება,"-აცხადებს გუნელ მამედოვა, ავთანდილ მამედოვის მეუღლე.
მამედოვის უფლებებს აფგან მუხთარლის ქართველი უფლებადამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. როგორც ჩოფიკაშვილი ამბობს, მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ასევე აქტიურობდა აფგან მუხთარლის საქმეზე. ადვოკატის თქმით, მისი საქმიანობის გამო, ის აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნილი გახდა.
„მას აზერბაიჯანში წარდგენილი აქვს გამოგონებული ბრალდებები, თაღლითობის ბრალდება. არ შეიძლება გადაეცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რადგან იქ აუცილებლად აღმოჩნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გამოგონებული ბრალდებებით კიდევ უფრო დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას, რაც წარსულში არაერთხელ განხორციელებულა, მათ შორის აფგან მუხთარლის საქმეზე,“-ამბობს ჩოფიკაშვილი.
მამედოვს აზერბაიჯანში არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას ედავებიან. მას 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, პატიმრობა შეეფარდა.
მამედოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვაზე 2017 წელს მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, უარის თქმით მიზეზი საფუძვლების არარსებობა გახდა.
როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისთვის მამედოვი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნას ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული. თუმცა ეს იქამდე, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.