ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული აქციისა და უკანონო ფორმირების შექმნის თანაავტორების გამოკითხვა, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიანობამდე მიმდინარეობდა. ადგილზე სამართალდამცავ ორგანოში მყოფთა მხარდასაჭერად სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანონო ფორმირების შექმნის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვასაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ.
„შეკითხვები ეხებოდა თითქოს აქ ვიღაც უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირებების ჩამოყალიბებას აპირებს. ხელისუფლებას თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლევან ვასაძე ასეთი უგუნური ბრალდებით დააკავოს, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს, არც სხვა დევნას. ამ ქვეყანაში გეი-პრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდა დაგვიჭირონ, გინდა დაგვხვრიტონ,“-აცხადებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული იდეის” დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა.
ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. საგამოძიებო უწყებაში 30-მდე პირია დაბარებული.