ნაადრევი ქორწინება - პრობლემისა და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ საჯარო დისკუსია მარნეულში გაიმართება. ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან ნაადრევი ქორწინებების შემთხვევები ყველაზე ხშირი სწორედ მარნეულშია.
"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ორგანიზებით ღონისძიებაში ჩაერთვებიან შს სამინისტროს წარმომადგენლებიც. სამოქალაქო სექტორში ნაადრევი ქორწინების ბევრ მიზეზს ასახელებენ - მათ შორის ყველაზე მთავარი მოსახლეობის არაინფორმირებულობაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საინფორმაციო კამპანიების მიღმა, რომელიც მეტწილად ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული სახელმწიფომ ამ რეგიონებში საკუთარი სოციალური პოლიტიკა შეცვალოს და ის რეალური მიზეზები, რომელიც განაპირობებს ამ დანაშაულებებს ეს მიზეზები ეძიოს და მათი გამოსწორების გზებზე იფიქროს.
რადგან ეს პრობლემა ძალიან სტრუქტურული და რთულია, მნიშვნელოვანია ყველა უწყება ჩაერთოს და საკუთარი პერსპექტივიდან იმუშაოს პოლიტიკის ცვლილებაზე,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე.