საპარტნიორო ფონდი დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით, წამგებიანი ორგანიზაციაა. მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის შემოწმება დამოუკიდებელ აუდიტორს ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი ქობულიას მინისტრობის დროს დაუკვეთა. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფონდი წელს დიდი ზარალით დაასრულებს.
დავით საგანელიძეს დღეს ხმაურიან დასკვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მისი მოადგილე კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი რკინიგზის და ელექტროსისტემის ბრალია.
დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდი წამგებიანი ორგანიზაციაა, ქობულიას დაკვეთით მოამზადეს, თუმცა ახალმა მინისტრმა ამ დოკუმენტს უნდობლობა გამოუცხადა.
საპარტნიორო ფონდის საქმიანობას წლებია, სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველო“, სადაც მესამე დასკვნაზე მუშაობენ. ორგანიზაციაში კორუფციულ რისკებზე საუბრობენ, რადგან, როგორც წესი, ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რომლებსაც ფონდი აფინანსებს, მწირია. კორუფციის რისკებზე საუბრობენ ექსპერტებიც.
კორუფცია, ნეპოტიზმი და კოლოსალურ ზარალზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები - ოპოზიცია საპარტნიორო ფონდის მუშაობას ასე აფასებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ფონდის საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
საპარტნიორო ფონდთან შეკითხვები არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. „ქართული ოცნება“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკის, დავით საგანელიძის მუშაობით კმაყოფილია.