17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დაძაბული ვითარება თბილისის უბნებში - ლევან ვასაძის "ლეგიონი" „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა ეძებს

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა - ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონს ნადირობა აქვს გამოცხადებული. აგრესიით გამორჩეული ჯგუფი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა ეძებს. ცოტა ხნის წინ ისინი პრაქტიკულად სახლში შეუვარდნენ ერთ-ერთ მოქალაქეს მარჯანიშვილის ქუჩაზე, რომელსაც მხარდაჭერის ნიშნად აივანზე ლგბტ თემის დროშა ჰქონდა გადმოფენილი.

ლევან ვასაძის დაჯგუფება დღეს „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამოჩნდა. სასულიერო პირებთან ერთად აგრესიული აქტივისტები ოფისის აჭედვას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ამ ორგანიზაციაში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებები იგეგმებოდა. გარდა ამისა, საპატრიარქოს წარმომადგენლები ამერიკელ დიპლომატებს და სახალხო დამცველს გადადგომას სთხოვდნენ.

ვასაძის დაჯგუფების მისვლამდე “თბილის პრაიდის“ ორგანიზატორებმა ოფისი დატოვეს, ე.წ. აგრესიული ლეგიონერები კი ოფისთან პოლიციამ არ მიუშვა. აქციის პარალელურად "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს კონკრეტული პირები სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ. ორგანიზაციის წევრებს პირად მობილურ ტელეფონზე რამდენიმე მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნეს.

მუქარის შემცველ მესიჯებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრებმა კი რამიშვილის ქუჩა რამდენიმე წუთში დატოვეს და სამოქმედო გეგმის შესახებ მსჯელობა ისევ ვერის ბაღში გააგრძელეს.

დღის ამბები