"არა ოკუპაციას", "ხელები შორს საქართველოსგან," "არ დაგითმობთ საქართველოს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით და შეძახილებით აქცია ფოთში გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა გააპროტესტეს.
მომხდარზე აქციის მონაწილეები, პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ.
აქცია ფოთში ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული" პარტიის წევრების მონაწილეობით გაიმართა. მას საზოგადოების წევრებიც შეუერთდნენ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.