„ეს იყო ფიზიკური დაპირისპირებით და ფიზიკური შეურაცხყოფით ჩვენი გამოგდება პარლამენტის ეზოდან“ - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი მისი პარლამენტის შენობის ეზოდან, ძალის გამოყენების გამოყვანის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი არის საჯარო დაწესებულება და იქ არ უნდა არსებობდეს არანაირი შეზღუდვა ჟურნალისტებისთვის.
„ეს იყო ფიზიკური დაპირისპირებით და ფიზიკური შეურაცხყოფით ჩვენი გამოგდება პარლამენტის ეზოდან. ჩვენ ერთად ვაშუქებთ ამ მოვლენებს, რაც ხდება პარლამენტის შენობის გარეთ და უშუალოდ პარლამენტის ეზოში და ჩვენ უკვე, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გადავიღეთ არა ერთი მანქანა, რომელმაც შემოიტანა სპეც ტექნიკა, ახლა ძალიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან განლაგებული პარლამენტის ეზოს შიდა პერიმეტრზე, პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობაა და ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, კიდევ მოვიდა რამდენიმე ავტობუსი, რომელიც სავსე იყო ამ სპეც აღჭურვილობით. ეს არის ფარები, ჩაფხუტები, ხელკეტები. სწორედ ამის თაობაზე გვქონდა პირდაპირი ჩართვა და ვაწვდით მაყურებელს ინფორმაციას, რა ხდება პარლამენტის ეზოს შიგნით, როდესაც ჩვენთან მოვიდა ბატონი ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე და გვითხრა, რომ უნდა დაგვეტოვებინა ეს ტერიტორია“ - ამბობს თამარ ბაღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ს" ჟურნალისტს და ოპერატორს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს . ვაჟა სირაძემ მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, რომ გადასულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის არის განკუთვნილი.
ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დეპუტატ ნიკა მელიასაც.