„შეურაცხყოფილი არ ვარ, განრისხებული ვარ და გამწარებული ვარ იმისთვის, რაც გააკეთეს ამათმა. ღალატი არ არის შეცდომა და რაც ამათმა გააკეთეს, ეს არის ღალატი. ეს არის შიდა ოკუპაცია, რაც უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით“ – ეს განცხადება, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გააკეთა.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები გუშინ, აქციის დარბევისას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დადგეს პასუხისმგებლობა ყველა იმის მიმართ, ვინც გუშინ სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი იყო. მათი მთავარი მოთხოვნაა, დატოვოს თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ახალგაზრდების ნაწილი აქციაზე ნაჭრით ახვეული თვალით მივიდნენ, რომელზეც აღნიშნულია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გარდა ამისა, ისინი ამ ფორმით, სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ, აქციის დარბევისას თვალი დაკარგეს.
„გუშინ დილით თავზე დაგვასვეს მტერი და საღამოს ჩვენ გამოგვიცხადეს ომი. ამას ჭკუათმყოფელი მთავრობა არ აკეთებს. ისინი არიან პანიკაში და ისინი მიიღებენ აუცილებლად საკადრის პასუხს“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.