"ლიბერალს“ ყველა ჟურნალისტი ტოვებს - ამის მიზეზად ისინი სარედაქციო ხედვის დაანონსებულ ცვლილებას ასახელებენ. "ლიბერალის" სამმა რედაქტორმა და რვა ჟურნალისტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზებია განმარტებული. ისინი წერენ, რომ შორენა შავერდაშვილს გაუგზავნეს განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ ტოვებდნენ რედაქციას, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, რედაქციის დატოვება ხვალვე უწევთ.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არ უგრძნიათ მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ისინი აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მათი ხედვები „ლიბერალის“ მფლობელისა და გენერალური დირექტორის ხედვებს სცდება. ჟურნალისტები არ ამბობენ, კონკრეტულად რა საკითხებში არ დაემთხვა მათი ხედვები ერთმანეთს.
თავდაპირველად, ჟურნალისტებმა მფლობელს მიმართეს და სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცვა ან მიეყიდა გამოცემა „ლიბერალი“, რათა მათ გამოცემა საკუთარი შეხედულებების შესაბამისად ემართათ.
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გავლენებს არ ექვემდებარება და არ დაქვემდებარებია არასოდეს, რომ საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო ჩვენი საქმიანობის შედეგები, მას შევთავაზეთ, რომ გადმოეცა ჩვენთვის მთელი თიმისთვის, შეექმნა პრეცედენტი, რომ რედაქცია ემართათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების გამავლობაში ამ რედაქციაში მუშაობდნენ და ქმნიდნენ კვალიფიციურ, მაღალი ხარისხის მიუკერძოებელ მედიას. ის აპირებს, ჩაერთოს უშუალოდ მართვაში, ის აპირებს ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბებას და გეგმავს, დროებითი მმართველის დანიშვნას, რომ არ მოსწონს ის პროდუქტი, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით. აპირებს, რომ თავისი ხედვები განახორციელოს ამ მედიაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ხედვები მოგვწონს და ამიტომ, წავალთ და ამ ჩვენი ხედვებით ვიმუშავებთ,“ - განაცხადა "ლიბერალის" ყოფილმა რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა.
ჟურნალისტები ახალი პლატფორმას, ონლაინ გამოცემას შექმნიან, იმ პრინციპების შესაბამისად, რომლითაც ისინი წლებია, "ლიბერალს" ამუშავებენ.
„ჩვენ ვრჩებით ჩვენი ღირებულებების ერთგული, თუმცა შევთავაზებთ განსხვავებული კუთხით და განსხვავებული საშუალებებით იმ საკითხების გაშუქებას, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური. სრულიად დამოუკიდებელი და იქნება პრეცედენტი, როცა თვითონ ჟურნალისტები ქმნიან ორგანიზაციას და მხოლოდ ჟურნალისტები იქნებიან მმართველობაში. ჩვენ არ გვეყოლება ვინმე მესაკუთრე, რომელიც ჩაერევა თუ არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში. ეს თემა არ იქნება მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა "ლიბერალის" ახალი ამბების ყოფილმა რედაქტორმა, დათო გამისონიამ.