ახალგაზრდების ისტორიული მიღწევა-ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი არჩევნების პროპორციულ სიაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, ამ ახალგაზრდებმა შეძლეს ის, რაც 29 წელი ვერც ერთმა ოპოზიციამ და ვერც ერთმა თაობამ ვერ შეძლო.
„ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ბუნებრივია გვაქვს სხვა მოთხოვნაც, ამიტომ ვამბობთ ბრძოლა ბოლომდე. არ შეიძლება ახლა გახარია მართავდეს ქვეყანას. თუ ის უნდათ, რომ მართლა მთელი წლის განმავლობაში არჩევნებამდე გახარია მუდმივად იყოს თავდასხმის ობიექტი, კარგი იყოს, მაგრამ არ ვარგა. ვერც ერთ ხელისუფლებას, ვერც ერთმა ოპოზიციამ, ვერც ერთმა თაობამ 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვერ გამოვგლიჯეთ სრულიად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ანუ პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 29-ე წელს, შეძლო უპირველეს ყოვლისა აქ შეკრებილმა ხალხმა და მათმა გულშემატკივარმა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდების სწორი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლების უგუნურმა ქმედებამ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატები დასვა. დავით ბერძენიშვილის განცხადებით ახალგაზრდებს აქვთ სწორი ორიენტირი. მათ არ უნდათ მოსკოვი და უნდათ ევროპა და ნატო.
„რაც უფრო თავისუფალი იქნება ქვეყანა, რაც უფრო მალე დაამთავრებს ხელისუფლება ენის მოჩლექით რუსეთთან ლაპარაკს, მით უფრო მალე შემოვა ამერიკა და მისი სამხედრო ბაზა და ნატო საქართველოში,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება საქართველოს ვერც ნატო-ში შეიყვანს და ვერც ევროკავშირში.