გიორგი მშვენიერაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააყენოს შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, სანამ საქმის მასალებს არ იცნობს გაუჭირდება შეფასების გაკეთება ნიკა მელიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. თუმცა მისივე, თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას და ისინი უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.
„მანამ სანამ არ გავცნობივარ, არც მტკიცებულებებს და არც ბრალდების შესახებ დადგენილებას ძალიან ძნელია სამართლებრივი შეფასების გაკეთება რა მტკიცებულებას ეფუძნება ნიკა მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდება. თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ვთანხმდებით ყველანი, ჩვენც და ხელისუფლებაც, რომ პოლიციამ აქ იმ ღამეს ძალას გადაამეტა. იმაზე, რაზეც კონსესუსია, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, მოვითხოვთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრის, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, და ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია ხელისუფლებისგან. ჩვენ ვიდეოკადრები გვაქვს ნანახი პოლიციელებზე, რომლებიც ნადირობდნენ ადამიანებზე. ასეთი სწრაფი და ეფექტური მათთან მიმართებაში ხელისუფლება არ ყოფილა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.