მშვიდობიანი პროტესტის მერვე დღე - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. მოქალაქეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ისევ შეიკრიბებიან და 20 ივნისის სისხლიან ღამეს განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას.
იგეგმება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ და დემონსტრანტები სწორედ იქიდან შეეცდებიან “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მიაწვდინონ ხმა, რომ გავრილოვის ღამის მთავარი მოქმედი პირი პოსტიდან გაათავისუფლოს.
ახალგაზრდებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტი, სადაც ჩამოწერილია მთავარი მოთხოვნები, რომელთა შორისა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა.
პარლამენტის შენობის წინ მიტანილ გიორგი გახარიას ბიუსტზე ბევრი წარწერაა დატანილი. წითელი საღებავით ბიუსტს აწერია - წადი!.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ახალგაზრდა შიმშილობს. გიორგი ლემონჯავა მე-5 დღეა, შიმშილობს და ამბობს, რომ სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს. რუსთაველის გამზირზე მოშიმშილეები ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას კი არ ითხოვენ, არამედ გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მანამ, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, რადგან ეს ჩვენი ახირება არ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამო დამყარდეს ადამიას უფლებები, კანონის უზენაესობა და ჩაბეტონდეს ტრადიცია, რომ ვინც აშავებს, აგებს პასუხს. ბატონო, გიორგი, თქვენი გადადგომა გარდაუვალია, თქვენ აუცილებლად დატოვებთ ამ პოსტს, რაც უფრო მალე დატოვებთ ამ პოსტს, ეს პროცესი იქნება უფრო უმტკივნეულო,“ - განაცხადა ლემონჯავამ.
რუსთაველის გამზირზე მოშიმშილე ორი გოგონა შეუძლოდ გახდა, თუმცა ის ორმა ახალგაზრდამ შეცვალა. პარლამენტის შენობის წინ იმყოფება და ახალგაზრდებთან ერთად შიმშილობს ადვოკატი, ბექა ბასილაიაც. მან 20 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენები გაიხსენა.
„რაც 21 ივნისს ჩაიდინა ხელისუფლებამ, ეს იყო 9 აპრილის განმეორება, რიმეიქი. ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ, ნადირობა იყო გამოცხადებული ადამიანებზე, გავრილოვს, რუსეთს შეუსრულეს შეკვეთა, როგორ შეურაცხყოფილადაც გავრილოვმა იგრძნო თავი, იგივე და უფრო მძიმე ფორმებში საქართველოს მოქალაქეებზე იძიეს შური. ამას მოჰყვა უკანონო დაკავებები. სიმბოლურია, რომ უკანონოდ დაკავებულების საქმეებს იხილავდა უკანონობის სიმბოლო - მურუსიძე,“ - განაცხადა ბასილაიამ.