17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
​ენგურის ხიდი ჩაკეტილია - 200-მდე ადამიანი ოკუპანტების ნებართვას ელოდება

ენგურის ხიდი ჩაკეტილია - ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ.

ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს დილას მხოლოდ ის ორი ადამიანი გამოატარეს,რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ.  მამაკაცი ამბობს, რომ ის ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და მხოლოდ ამიტომ დაატოვებინეს ოკუპანტებმა ტერიტორია.

დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების საჭიროება გახდა ე.წ. საზღვარზე გადმოშვების მიზეზი, ერთ-ერთი ქალბატონის შემთხვევაში. ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ მის შვილი დიალეზზე იმყოფება.

„საბუთები მაქვს გაკეთებული დიალეზზე რომ დამყავს ეს და ამის საფუძველზე გამომიშვეს. მე გამომატარეს და დიალეზის პაციენტი იყო ერთი და ისიც გამოატარეს. ზღვა ხალხია იქით. ბავშვები, ავადმყოფები არიან. არავის ატარებენ,“-ამბობს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები.

ოკუპირებულ რეგიონში, ხიდთან, რიგში ისევ რჩებიან ადამიანები, რომელებიც ასევე სამკურნალოდ აპირებდნენ გადმოსვლას. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება. ოკუპირებული სოხუმის დეფაქტო მთავრობის შეფასებით, აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღე იქნება ძალაში.

დღის ამბები