ხმაური შეკვეთილში - ივანიშვილის სახლთან საპროტესტო ბანერების გაკვრას მოშიმშილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ივანიშვილის სახლის შესასვლელთან ბანერის განთავსების საშუალება არ მისცეს.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდები უკვე მე-4 დღეა შიმშილობენ. თავდაპირველად შიმშილობის აქციაში ჩართული იყო ოთხი მონაწილე, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და ის პროტესტის უკიდურეს ფორმას გამოეთიშა. დარჩენილი სამი ახალგაზრდა კი პროტესტს განაგრძობს.
„აქცია გრძელდება უკვე 4 დღეა. მოთხოვნა არის მკაფიო და გასაგები, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია და ჩვენ არ დავიშლებით მანამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. უფრო მეტიც, გადადგომის ნაცვლად გახარიამ გუშინ ისიც კი იკადრა, რომ მოგვისია თავისი ზონდერი პოლიციელები და გვიშლიდნენ აქ ბანერების გაკვრას და ცდილობდნენ რაღაცნაირ პროვოკაციებზე წამოგებას,“- განაცხადა ერთ -ერთმა მოშიმშილემ.
შიმშილობის პარალელურად, შეკვეთილში, ყოველ საღამოს მოქალაქეები და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.