ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ავტომშენებლის 14 ნომერში მცხოვრებლების განცხადებით, დაზიანებული ბინების აღდგენა და ნარჩენების გატანა არ დაწყებულა.
მათი თქმით, დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბინები იმდენად არის დაზიანებული, რომ ცხოვრება არ შეიძლება, მერია კი მხოლოდ 1000 ლარს სთავაზობს, თუმცა ამ დრომდე ისიც არ მიუღიათ.
მათი ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ ადგილზე, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.
ადგილობრივები მერიას პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღეს აძლევენ, რის შემდეგაც გეგმავენ, რადიკალურ ზომებს მიმართონ.
აფეთქების შედეგად, დაახლოებით, რვა ოჯახი დაზარალდა. განსაკუთრებით რთულია რამდენიმე ბინის მდგომარეობა.
აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი, მათ შორის სავარაუდო დამნაშავე გარდაიცვალა.