17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
20 ივნისს თავში დაჭრილი მოქალაქე - დავით გრიგორიანის ოჯახმა, რომელიც "შაბათის კურიერში" ზეწოლაზე საუბრობდა, პოზიცია შეცვალა

20 ივნისის ღამეს დაზარალებული დავით გრიგორიანი, რომელსაც აქციაზე თავში მიბჯენით ესროლეს, სიკვდილს ებრძვის. კომაში მყოფი 46 წლის მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება. დავით გრიგორიანს ტყვიამ თავის ქალი ჩაუმსხვრია. ძვლის ფრაგმენტები ტვინის არეში გაიფანტა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

დაზარალებულის შესახებ რეპორტაჟი „შაბათის კურიერმა“ მოამზადა, სადაც ოჯახი შანტაჟზე საუბრობდა და იმ პირს ასახელებს, რომელმაც ოჯახის წევრებს, დავით გრიგორიანის მდგომარეობაზე ლაპარაკი აუკრძალა. თუმცა, „შაბათის კურიერში“ გასული ვრცელი სიუჟეტის შემდეგ, ოჯახმა დღეს პოზიცია შეცვალა და ამბობს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ პირი, რომელმაც ოჯახის წევრებს დავით გრიგორიანის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკი აუკრძალა, ალექსანდრე სიყმაშვილია - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ის პაციენტ გრიგორიანის მეზობლად ცხოვრობს.

გარდა ამისა, ოჯახის წევრი ამბობს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის ტყვია აქვს მოხვედრილი დავით გრიგორიანს, რომელმაც 46 წლის დავით გრიგორიანი კომაში ჩააგდო და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

„კომაშია და სტაბილურად არის. უკეთესობისკენ სვლა არ არის და ველოდებით თუ რაიმე შეიცვლება... 5 წუთით გვიშვებენ მხოლოდ...“ - აღნიშნა დავით გრიგორიანის ოჯახის წევრმა. 

 46 წლის დავით გრიგორიანის  მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ. მისი თქმით, შეინიშნება მცირე დადებითი დინამიკაა.

„პაციენტი, რომელიც ალადაშვილის კლინიკიდან გადმოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, ჯერჯერობით, რჩება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, თუმცა მეორე დღეა აღენიშნება დადებითი დინამიკა, ახელს თვალებს სპონტანურად, ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს,“ - განაცხადა დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ. 

დღის ამბები