მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა. ორი სსიპ-ის გაუქმების შემდეგ, შეიქმნა ერთი ორგანიზაცია სახელწოდებით, ლიტერატურის ეროვნული ფონდი.
წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის ადგილზე ერთი საერთო ორგანიზაციის შექმნის შესახებ საუბარი თვეების წინ დაიწყო. ახალი ორგანიზაციის კონცეფცია სფეროს წარმომადგენლების რჩევის და ჩართულობის გარეშე, დახურულ კარს მიღმა შეიქმნა. ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებისთვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ არჩეული კომუნიკაციის ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა.
მწერალთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ მწერლებზე შურისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩაიფიქრა. ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილის აზრით, მაღალჩინოსნები იმაზეც განაწყენდნენ, რომ ქართველმა ავტორებმა ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ტრიბუნიდან ხმამაღლა ისაუბრეს ზვიად რატიანის საქმეზე.
ლიტერატურულ წრეებში ფიქრობენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური შურისძიება და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობა დგას.
ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე, ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.
მსოფლიო ლიტერატურული ორგანიზაციები კი მიმდინარე მოვლენებს ეჭვის თვალით უყურებენ და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას საგანგაშოდ აფასებენ. მწერლებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიციაც მოამზადეს.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.