იუსტიციის საბჭო აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას. დღეს საბჭოს წევრები მოქმედ მოსამართლეებს, მერაბ ლომიძესა და გენადი მაკარიძეს, მოუსმენენ.
ლომიძესთან გასაუბრება, დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს. ის რიგით 25-ე კანდიდატია. სულ კი საბჭომ 50 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.
მას საბჭოს წევრებმა რამდენიმე მიმართულებით დაუსვეს კითხვა, მათ შორის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებთან, შშმ პირების და ლგბტ თემთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვა კი პოლიტპატიმრების საკითხს შეეხებოდა. ჯანეზაშვილი დაინტერესდა, რას ნიშნავს, მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, რომ ადამიანი იყოს პოლიტპატიმარი.
ამაზე პასუხად მერაბ ლომიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირი მოიაზრება პოლიტპატიმარში.
„სამართლებრივი ტერმინი პოლიტიკური პატიმარი მე არსად მინახავს და არ გამიგია. პატიმარი ზოგადად, ან არის კანონიერად პატიმარი, ან თუ უკანონოდ დადასტურდა და გაამართლებენ, გამოდის, რომ არის უკანონო პატიმარი,“ - განაცხადა ლომიძემ.
მერაბ ლომიძე 2007 წელს იყო მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე და ჯანეზაშვილმა აქედან გამომდინარე დაინტერესდა, თუ რა როლი ითამაშა საბჭოს მოქმედმა მდივანმა მის კარიერაში.
„ზოგადად, ბატონ მიშასთან, ბუნებრივია, ამ პერიოდში მქონდა ურთიერთობა, როგორც თანაშემწეს, ბატონი მიშა არის ერთ-ერთი პროფესიონალი თავის საქმეში, მე ასე მგონია, კარგი იურისტია. ახლა გავლენა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ბუნებრივია, გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით მქონდა ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე თვე ვიყავი თანაშემწე, თუმცა, ის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო,“ - განაცხადა ლომიძემ.