17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
შემზღუდავი კანონები იყო და სამართალწარმოება 2012 წლამდე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრების შეკითხვებს გორის მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი პასუხობს.

ცოტა ხნის წინ სხდომაზე კამათი იყო, რაც ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვებს მოჰყვა. საბჭოს მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილი დაადანაშაულეს, რომ ის თავისი შეკითხვებით ცდება გასაუბრების ფორმატს, რომ მას აქვს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვება.

იუსტიციის არამოსამართლე წევრის შეკითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხებოდა. ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა სასამართლო სისტემას 2012 წლამდე და მას შემდეგ. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ 2012 წლამდე შემზღუდავი კანონები იყო.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა თავის თავში გულისხმობს, პირველ რიგში, სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ასევე ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობას, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება 2012 წლამდე სასამართლოს, რამდენად დამოუკიდებელი იყო და ახლაც რამდენად უფრო მეტად დამოუკიდებელია, ამას მე ვერ შევაფასებ. ძალიან შემზღუდავი კანონები იყო და სამართალწარმოება 2012 წლამდე და აქედან გამომდინარე, სამართლით და კანონით მკაცრად იყო შეზღუდული მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების ფარგლები,  თუმცა დღესაც, გარკვეულწილად, შეზღუდულია, მაგრამ უფრო მეტ საშუალებას აძლევს სასამართლოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მარსაგიშვილმა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი ხახუბიას საქმის მოსამართლეა. მან „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევაზე ბრალდებული სამი პოლიციელიდან ორს პატიმრობა მიუსაჯა.  

მარსაგიშვილის შემდეგ კი ლავრენტი მაღლაკელიძეს გაესაუბრებიან, რომელიც ასევე მოქმედი მოსამართლეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები