"აქ საუბარია ნავთობპროდუქტების ბაზრის ახალ გადანაწილებაზე" - ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანული საწვავის რუსულით ჩანაცვლებით ხელისუფლება ჩრდილოვან მიზნებს ემსახურება.
საუბარია აზერბაიჯანული საწვავის რუსულით ჩანაცვლებაზე. როგორც ცნობილია, პირველი იანვრიდან საქართველო ახალ სტანდარტზე გადადის, რის გამოც ქვეყანამ ევრო 4-ის ნაცვლად, ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი უნდა შეიძინოს. ამ ჯგუფის საწვავის მოწოდების შესაძლებლობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მომავალ წლამდე ვერ ექნება.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება სწორედ ამით სარგებლობს და აზერბაიჯანული კომპანიის ნაცვლად ბაზარზე რუსულ კომპანიას შემოიყვანს.
"გვახსოვს არაერთი განცხადება მწვანე ეკონომიკის შესახებ, რომლის უკანაც იდგა ჩრდილოვანი ინტერესები. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ასეა, რადგან კვლევა არ არსებობს რეალურად იმ ავტოპარკის მოცემულობაში, რომელიც საქართველოშია, რა გავლენას მოახდენს ევრო5 -ის სტანდარტის შემოღება დიზელის იმპორტზე.
აქ საუბარია ნავთობპროდუქტების ბაზრის ახალ გადანაწილებაზე, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი არის 40%-ის მომწოდებელი საქართველოში ნავთობპროდუქტების დიზელის.
ამ რეგულაციის შემთხვევაში მოხდება თავიდან ბოლომდე ამოვარდნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების. ყველამ კარგად იცის, რომ აზერბაიჯანი 2021 წელს გადადის ევრო 5-ის სტანდარტზე, მაგრამ ამათ სჭირდებათ, რომ ერთი წელი მოიგონ და ბაზრიდან ამოვარდეს აზერბაიჯანი და ჩაანაცვლონ, რა თქმა უნდა, რუსული კომპანიებით.
ეს კომპანია არის "როსნეფტი" და მისი წარმომადგენელი საქართველოში „პეტროკასი“ , რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმ არაფორმალურ მმართველებს, რომელიც ქვეყანაში რეალურად გადაწყვეტილებებს უკავშირდება პოლიტიკას,“ - ამბობს ვასო ურუშაძე.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცეპრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ახალ სტანდარტზე გადასვლა ერთი წლით გადადოს, იმ დროისთვის, როცა აზერბაიჯანს უკვე შეეძლება ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის მოწოდება.
მისი თქმით, თუ ასე არ მოხდა, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. შენგელია ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში საწვავი 20%-ით გაძვირდება.