მოსამართლემ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის - ამ განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ზვიად კუპრავასთვის 9 თვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. უდუმაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით ადამიანების ციხეში გაშვება დაუშვებელია.
„ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდა, ნამდვილად არის პრეცედენტული მე მგონი საქართველოში და ამით მოსამართლემ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ჩვენთაგანი ვიქნებით ქუჩაში, ჩვენს ოჯახებში, სამსახურში შემთხვევით, რომ აუგად მოვიხსენიოთ რომელიმე მოსამართლე, ნიშნავს, რომ ყველანი უნდა გაგვამწესონ ციხეში. ასე რომ, ეს არის პირდაპირი გზავნილი მოსახლეობისთვის, რომ ამ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა,“- განაცხადა უდუმაშვილმა.
ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასამართლოს დაუმორჩილებლობისთვის გაამტყუნეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გადაწვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდებას სიტყვის შეზღუდვას და საზოგადოების დაშინების მცდელობას უწოდებს. .
„მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენება სახლში, ეზოში, ქუჩაში არის დასჯა და შეიძლება ამის გამო დაგაპატიმრო, ანუ ნახეთ, დარბაზში რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, გასაგები იქნებოდა და ნორმალური, ამათმა ფაქტობრივად, წითელი ხაზი გადაკვეთეს და მაყურებელს ეუბნებიან, თქვენ თუ სახლში დააპირებთ, მოსამართლის რაიმე ქმედება არ მოგეწონათ და გაბრაზებულმა შეიძლება რამე სიტყვა იხმაროთ, თუ პოლიციელი ამას გაიგებს, თქვენ დაგაპატიმრებენ,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.