გასაუბრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან - იუსტიციის საბჭოში ადვოკატ როინ მიგრიაულს უსმენენ. დღის მეორე ნახევარში კი საბჭოს წევრები გასაუბრებას მოსამართლე ლევან მიქაბერიძესთან გააგრძელებენ.
საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილი ყურადღებას კვლავ პროცესში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს. მისთვის გაუგებარია რატომ მიმდინარეობს გასაუბრებები დაჩქარებულ რეჟიმში.
„ერთი გახლავთ ადვოკატი, ერთ-ერთი კანდიდატი, მეორე- მოსამართლე. საინტერესოა, ცხადია, მათი მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, რამდენად დააკმაყოფილებენ ისინი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმს. ჩემთვის გაუგებარია რატომ მიდის ეს პროცესი ასე ფორსირებულად, მით უმეტეს, რომ პარლამენტი არ აპირებს ზაფხულში განიხილოს კანდიდატურები და იმსჯელოს იმაზე, თუ ვის აირჩევს, მით უმეტეს ამ პირობებში, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ გვეძლევა დრო იმისათვის, რომ დღე გამოშვებით ჩატარდეს გასაუბრება,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ამ დროისათვის საბჭოში გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 30-მა კანდიდატმა გაიარა.