დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან ყოველგვარ მოლაპარაკებას წყვეტენ. თუმცა სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან აწარმოებენ.
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე სამართლებრივი გზა, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები დავას გააგრძელებენ, მათ შორის ერთ-ერთი ევროსასამართლოა.
"არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ ბატონმა დავითმა და ბატონმა ჯარჯიმ გააგრძელონ თავიანთი ბრძოლა. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ფაქტობრივად, 16 ივნისს დაიწყო ათვლის წერტილი, როდესაც 6 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათი დარღვეული უფლებები. ასევე შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა დადებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებას უკვე ამ დანაშაულისთვის ვეღარ წარუდგენენ ვერავის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი დავა ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.