ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბენგიზგასამართი სადგურების ქსელის კომპანია "ფრეგოს" წილები დაყადაღებულია. კომპანიის მფლობელი კი დაკავებული. „ფრეგო“ ბაზარზე საწვავს ყველაზე იაფად ყიდდა, რითაც ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ინტერესები გადაკვეთა.
"2019 წლის 27 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანია "შეზღუდული პასუხისმგებლობა ვაიზ ლინკ ჰოლდინგზის" მფლობელი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალ-ბითუმის“ საქმიანობას."
"გამოძიების ინფორმაციით, ისინი დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს" - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 2 მილიონ ლარზე მეტია.