"რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა უკვე ოთხი საათია, მუშაობს, გამომძიებლები ოფისში დღეს ორ საათზე მოულოდნელად გამოჩნდნენ და მთელი ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს, მათ ასევე მოითხოვეს წვდომა ელექტრონულ ბაზებზეც.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტს უკავშირდება.
პროკურორის თქმით, გამოძიების დაწყების საფუძველი „რუსთავი 2-ის" 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება გახდა.
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების გადამეტების ქონების თვალთმაქცური გარიგებით ან მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის და "რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობით მითვისების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული იქნა სასამართლო განჩინება, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღების, ასევე ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის მიერ, შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, მათ შორის საპროცესო მოქმედებები და გამოძიების მიერ, როდესაც იქნება ჩათვლილი საჭიროდ, მაშინ მიმართეთ სასამართლოს. დოკუმენტაცია იქნა ამოღებული სრული, საფინანსო, საბუღალტრო, იურიდიული დოკუმენტაცია,“ - განაცხადა ბექა კვიციანმა.
"ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" გაყიდვებს და სარეკლამო განთავსებებს უზრუნველყოფს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ასევე "ფორმულა კრეატივის" მფლობელები არიან, სწორედ მათ დღეს თქვეს, რომ ისინიც ახალი ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი არხის შექმნას ცდილობენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი მათ ოფისში პროკურორები მივიდნენ.