„ვფიქრობ, ეროსის ოჯახს აქვს სრული სამართლებრივი და მორალური უფლებაც, რომ იდავოს თავის ინტერესებზე "რუსთავი 2-ის" წილთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება ეროსი კიწმარიშვილის ძმამ და "რუსთავი 2-ის" გახმოვანების სტუდიის ხელმძღვანელმა, ზურა კიწმარიშვილმა გააკეთა.
არ არის გამორიცხული, „რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით და საკუთარი უფლების აღდგენის თაობაზე კიდევ ერთი დავა დაიწყოს. ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მისი ძმის ოჯახს, საკუთარი უფლებების დაცვის სრული ლეგიტიმაცია გააჩნია და ამბობს, რომ ია კიწმარიშვილი თავისი ინტერესების დაცვას ახლო მომავლში დაიწყებს.
„რა ფორმით იქნება ეს და როდის იქნება, ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამის ლეგიტიმაცია გააჩნია მის სამართალმემკვიდრეს, მის ოჯახს. მაგრამ გიდასტურებთ, რომ ქალბატონი ია დიდ ხანია, აკვირდება ამ პროცესებს, "რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით, რაც ხდება და რამდენად ჩემთვის ცნობილია, ის გადის გარკვეულ კონსულტაციებს იურისტებთან და ვფიქრობ, აუცილებლად დააპირებს თავისი ინტერესების დაცვას ახლო მომავლში. საქმე ეხება იმ პირობების შესრულებას, რომელიც იყო "რუსთავი 2-ის" წილის გასხვისების ხელშეკრულებაში. ისინი ამბობდნენ, რომ ეს პირობები არ არის შესრულებული, თანხა, რომელიც ამ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული თუ რაღაც სიტყვიერი მოლაპარაკებით, ეროსის ოჯახს არ მიუღია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელშეკრულებაში სხვა თანხა ჩაიწერა და შემდგომ წლების განმავლობაში სულ სხვა თანხები სახელდებოდა, რაღაც ასტრონომიული ციფრები. შემიძლია, გითხრათ, რომ არც ის სიმბოლური თანხა, რომელიც ხელშეკრულებაში წერია და არც ის რამდენიმე მილიონი, რომელზეც მერე ძალიან ხშირად ისმოდა ხოლმე, ეროსის ოჯახს არ მიუღია,“ - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.