დევნა პოლიტიკური ნიშნით - ერთთვიანი ზეწოლის შემდეგ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაკავებული მონაწილის, ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა სარფის საზღვარზე დააკავეს. რამდენიმე დღით ადრე გიორგი ბუდაღაშვილი "კურიერს" იმ პოლიტიკური დევნის შესახებ უყვებოდა, რომელიც გავრილოვის სასტიკი ღამის შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან მასსა და მის ოჯახზე განხორციელდა. ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ძალოვანების მხრიდან ანგარიშსწორების სამიზნე საჯარო პროტესტისა და მწვავე განცხადებების გამო გახდა.
„შემოვარდნენ მანქანაში და დამიწყეს შებოჭვა, კისერი დამიჭირა ერთმა, გადამიქაჩა მანქანიდან,“ - ამბობდა გიორგი ბუდაღაშვილი დაკავებამდე /“კურიერთან“ ექსკლუზიურ“ ინტერვიუში.
ანტისაოკუპაციო აქციის დაკავებული მონაწილის ძმის დაპატიმრება სამართალდამცველებმა 24 ივლისს უკვე სცადეს. თუმცა მაშინ ბრალდებულის თქმით, პოლიციამ ვერ შეძლო მისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება და იძულებული გახდნენ, გაეშვათ.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დაკავებულისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობას ედავებოდნენ, პოლიციისგან უყურადღებოდ მიტოვებული ქაღალდში არსებული ფხვნილი გადაყლაპა, შემდეგ კი მტკიცებულების არარსებობის გამო, პოლიცია იძულებული იყო, დაკავებული გაეთავისუფლებინა.
პოლიციას არც ის ვიდეოკადრები გამოადგა, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბუდაღაშვილის დაკავების დროს გადაიღეს. ბრალდებულიც და მისი ინტერესების დამცველიც ამტკიცებენ, რომ პოლიციის გადაღებულ კადრებშივე ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აკრძალული ნივთიერებად გასაღებული ფხვნილი მანქანაში თავად ჩადეს.
გიორგი ბუდაღაშვილი 20 ივნისს აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ ბუდაღაშვილის ძმაა. ჯგუფური ძალადობისთვის დაპატიმრებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ბუდაღაშვილების დევნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯაროდ თქვეს, რომ გავრილოვის ღამეს დაჭერილი პოეტი პოლიტიკური პატიმარია. მარტოხელა დედა საკუთარი შვილების უფლებების დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.