კრემლის პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში მოქმედი ყველა არხით გააქტიურებულია. ოფიციალური მოსკოვი არ ერიდება და ღია შტურმი მიაქვს ქვეყნის სტრატეგიული სახელმწიფოს დიპლომატიურ უწყებაზე.
ამჯერად საკუთარ გზავნილებს თავისივე დაფინანსებული - პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრით ახმოვანებს. ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გავრილოვის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში შეერთებული შტატების აქტიურ მონაწილეობაზე განაცხადა და თქვა, რომ ანტისაოკუპაციო აქციაში საელჩოს შიდა უსაფრთხოების თანამშრომლები იყვნენ ჩართული.
ლორთქიფანიძის განცხადებებს ოპოზიციის ცალსახა შეფასება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსული ნარატივი ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად თანხვედრაშია „ოცნების" ხელისუფლების პოზიციასთან, რომელსაც რუსული პროპაგანდისთვის ღია წინააღმდეგობა არასოდეს გაუწევია.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სპიკერები აცხადებენ, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არცერთი კითხვის ნიშანი არ არსებობს.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ სტანდარტული პოლიტიკური შეფასება მმართველი პარტიიდან საკმარისი არ არის და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის სკანდალურ ბრალდებებზე საგანგებო განმარტებები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის ეს განაცხადი ზღაპარს ჰგავს, მაგრამ კრემლიდან წამოსული დავალების ფონზე ძალიან საშიში გზავნილია.
ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა "კურიერთან" კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. ბეჭდური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან გამოკითხვაზე მივიდეს და მათ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.