ზვიად კუპრავა გინების გამო ციხეში რჩება. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტის გამონათქვამი შეურაცხყოფად შეაფასა და ამის გამო მას 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად კუპრავას 9-თვიანი პატიმრობა იმ უცენზურო ფრაზის გამო მიუსაჯეს, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში თქვა. საქმის მასალების მიხედვით, ის საკუთარ პროცესზე დროულად არ გამოცხადდა, რის გამოც, პოლიციელებმა სასადილოში ჩააკითხეს და უთხრეს, რომ მოსამართლე ელოდებოდა. კუპრავამ კი განუცხადა, რომ ყ..-ზე ეკიდა. სასამართლომ დღეს მიიჩნია, რომ ბრალდებული გაცდა დასაშვები კრიტიკის ყოველგვარ ფარგლებს.
კუპრავას ინტერესების დამცველის განცხადებით კი, ამ უპრეცედენტო საქმის ფინალი უკიდურესად სახიფათოა სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.
ოპოზიცია კუპრავას პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს, სამოქალაქო სექტორი კი საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო ჩივის. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ სადავო ამ საქმეში არაფერია.
ზვიად კუპრავა 6 თვეა, წინასწარ პატიმრობაშია, ამიტომ 9 თვიანი სასჯელის მოხდამდე მას კიდევ 3 თვე აქვს. ადვოკატი გამამტყუნებელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.