17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული - EMC

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

EMC-ის განმრტებით, ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს, ვერ ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა იმგვარ მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს, რომლებიც პირის განზრახვას, იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს აშკარად აჩვენებს.

EMC-ის შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები.

EMC მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მის მიმართ. 

 

დღის ამბები