მოსამართლე ქალების ინიციატივით, “საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია” დაფუძნდა. ასოციაციის მიზანი მოსამართლეთა შორის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გააქტიურება და სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებაა.
მოსამართლეები ამბობენ, რომ მსგავსი ასოციაცია მსოფლიოს 52 ქვეყანაში არსებობს და მათი სამომავლო მიზანი სწორედ მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაციის წევრობაა. იდეის ავტორების თქმით, ასოციაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრები საწევროს არ გადაიხდიან.
„ჩვენი მიზანი, ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ყველა იმ გამოწვევების, რაც ზოგადად სისტემაში არსებობს, იმ გამოწვევებში აქტიური ჩართულობა, შეხვედრები, სემინარები, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პროექტების შემუშავება და ა.შ. ეს იქნება სხვადასხვა აქტივობა, რაც იქნება შემუშავებული, რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებთან ერთად,“ - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა.