20-21 ივნისის აქციის 11 დაკავებული მონაწილის მონახულებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გეგმავს.
ხოშტარიას განცხადებით, მას აინტერესებს რა პირობებში იმყოფებიან ჯგუფურ ძალადობაში დადანაშაულებული პირები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„მე აქ არ შევდივარ პარტიული გზავნილებით, ეს არის ადამიანური თანადგომა. სწორედ იმიტომ შევდივარ რომ გავარკვიო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ არიან, გავარკვიო მათი მოპყრობა, მდგომარეობა მორალური ფიზიკური და გამოვიტანო ინფორმაცია ადამიანებისთვის ვინც მათზე წუხან,“-ამბობს ელენე ხოშტარია.
20 ივნისის ღამის დარბევის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები დეპუტატს პატიმრობაში მყოფი ახლობლებისთვის სხვადასხვა გზავნილს ატანენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას სურს ხოშტარიამ მის ძმისშვილს მხოლოდ ერთი შეტყობინება გადასცეს ბიძისგან.
„მე ერთადერთი დავაბარე ქალბატონ ელენე ხოშტარიას, გადასცეს, რომ ბიძამისი არასოდეს მუხლისჩოქზე არ დაეცემა“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლის გზავნილიც მოკლეა, ეკა ჯაიანი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი არასოდეს შეეგუება იმ რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს.
ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ ის ამაყობს შვილით და მთავარი მისთვის ისაა, პატიმრობაში მყოფი თავს ჯანმრთელად გრძნობდეს.