საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს - ასე აფასებენ მმართველი გუნდის საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კრიტიკის მიზეზი გახდა, საარჩევნო რეკლამების შინაარსის რეგულაცია, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში პარტიის დაფინანსება გაიზრდება.
„პრობლემური ცვლილებაა განსხვავებით დაფინანსებისაგან ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ჩვენ გვესმის ის რეკომენდაციები, რომელიც ამ მიმართულებით იყო, თუმცა ვხედავთ უფრო დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შემოტანის შემთხვევაში ისევე როგორც ეს საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე, ასეთ პირობებში ამ ტიპის შეზღუდვის შემოტანა ვფიქრობთ, რომ შეიძლება უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე, გარდა ამისა, ჩვენა რ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც 30% განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში დაფინანსებაზეა ეს მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული,"-აცხადებს სულხან სალაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა. ნატროშვილის აზრით, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ მედიაორგანიზაციებსაც.
„ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით, აქ საუბარია, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა,რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ,“-ამბობს ნატროშვილი.