18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
შეიქმნას ორგანო და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლო კრიტიკას გამოთქვამენ სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ - მეთოფიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, სპეციალური ორგანოს შექმნას ითხოვს, რომელიც უსაფუძვლო კრიტიკას გააკონტროლებს და გამოვლენის შემთხვევაში გამკრიტიკებელს დასჯის. 

განცხადება მეთოფიშვილმა დღეს, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლო კრიტიკას გამოთქვამენ სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ. მაგალითად; ნაზი ჯანეზაშვილი, ანა დოლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ. 

მეთოფიშვილი დაინტერესდა უჭერდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე, მის ინიციატივას მხარს, რაზეც სილაგაძემ უპასუხა, რომ მოსამართლეთა კრიტიკის დროს მეტი ეთიკურობაა საჭირო.  

„ის შემოტევები, რაც სასამართლო კორპუსის მიმართ იყო, იქ სასამართლოს ერთიანი ხმა სადაც იყო, ჩემი ხმაც იქ უნდა ყოფილიყო. სასამართლოზე იყო შემოტევები და ამ შემთხვევაში სასამართლო სწორად იდგა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც  დგას. განსხვავებული აზრი არ მქონია. რასაც ვფიქრობდი უმრავლესობის აზრს ემთხვეოდა და დავუჭირე მხარი. სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, ხელშეუვალი უნდა იყოს, ესეთ გვერდით დარტყმებს უნდა გაუძლოს იმიტომ, რომ სასამართლო მიდის სწორი გზით, სამართლის განვითარების გზით და ვიცი რაც იყო მანამდე, რაც არის დღეს და მომავალში კიდევ უკეთესი მინდა რომ იყოს,“-განაცხადა პაატა სილაგაძემ.

მან რამდენჯერმე ახსენა სასამართლოს მისამართით შტურმი და შეტევა და განაცხადა რომ ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები უტევენ სასამართლოს და აყენებენ ზიანს. 

არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი, ნაზი ჯანეზაშვილის ამ შეკითხვაზე პაატა სილაგაძემ განაცხადა, რომ არა. ნაზი ჯანეზაშვილმა მაგალითისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიყვანა და აღნიშნა, რომ მასში სწორედ სასამართლოს კლანურ მმართველობაზეა საუბარი. პაატა სილაგაძის განცხადებით კი ასეთი ანგარიშები ძირითადად ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს და შესაძლოა არ ასახავდეს რეალობას. მისი ეს პოზიცია სერგო მეთოფიშვილმაც გაიზიარა.

დღის ამბები