ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი გაიზარდა. აღნიშნული მიმართულებით და პირიქით ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 15 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდა.
ოზურგეთის ავტოსადგურის ხელმძღვანელი მგზავრობის ტარიფის ზრდას საწვავის ფასის მატებას უკავშირებს. შალვა ორაგველიძის თქმით, გადაწყვეტილება თავად მძღოლების და კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
"ფასის ზრდა განაპირობა, პირველ რიგში, საწვავზე ფასის ზრდამ და რაც შეეხება, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, ერთობლივად, ინდმეწარმე მძღოლები არიან, რომლებიც, ფაქტობრივად, გადამზიდავები არიან. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს ამ მძღოლებთან მომსახურებაზე გაფორმებული და მათთან შეთანხმებით მოგვმართეს მძღოლებმა, რომ გაგვეძვირებინა თბილისის მიმართულებით ფასი,“ - განაცხადა ორაგველიძემ.
ოზურგეთის ავტოსადგურში ვარაუდობენ, რომ მგზავრობის ფასი შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც გაიზარდოს, მათ შორის ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, სამტრედიისა და ქუთაისის, ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლების მიმართულებით.