17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ზვიად რატიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში EMC დაიცავს

ზვიად რატიანის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შეისწავლის. მწერალი, რომელსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა; ზვიად რატიანის უფლებებს ევროპულ სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ დაიცავს.

გაგზავნილი საჩივრით ორგანიზაცია სამართალდამცველების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის განხილვას მოითხოვს.

EMC-ის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის  განცხადებით, წელიწადზე მეტია რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა არცერთი დამნაშავე პოლიციელი გამოვლენილი არ არის. მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეში ნათლად ჩანს ხელისუფლების მხრიდან მისი დისკრედიტაცია.

„წელიწადზე მეტია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამოკვეთილი არცერთი პასუხისმგებელი პოლიციელი ამ საქმეში. ზვიად რატიანს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და გამოძიების კვალიფიკაციაც არის საკმაოდ პრობლემური. ეს არის ის ძირითადი არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ ამ გამოძიებასთან მიმართებით სასამართლომ შეაფასოს არაეფექტური გამოძიების ნაწილში ზვიად რატიანის უფლების დარღვევის ფაქტი. ზვიად რატიანის საქმე არის ყველაზე ნათელი საქმე, როგორ დადგა თავდაყირა კანონის და სამართლიანობის ლოგიკა და როგორ მოუწია მსხვერპლს თავის მართლების რეჟიმში გადასვლა მაშინ, როდესაც მთელი სისტემა მის დისკრედიტაციას ცდილობდა ვიდეოკადრების გამოქვეყნებით და სხვა ტიპის მცდელობებით,“ - განაცხადა ვერძეულმა. 

დღის ამბები