ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ისევ გაიფიცნენ. მუშები სამუშაოზე გასვლას არ აპირებენ. რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი ჩინური კომპანიიდან დღიური 20 ლარის 30-მდე გაზრდას და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვას ითხოვენ. მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემაზე და მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ.
პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცულები გვირაბის გადაკეტვით იმუქრებიან. მათი თქმით, ისინი სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ იმ მუშებსაც, რომლებიც კომპანიას ჩინეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი. კომპანიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.