17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
გურიის ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდება - ივანიშვილმა სახლთან ზღვის გადატანა გადაწყვიტა

გურიის შავი ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდება. მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის სურვილი გახდა, ყოფილმა პრემიერმა თავის საცხოვრებელთან, დაახლოებით, ნახევარკილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღება და სახლთან ზღვის გადატანა გადაწყვიტა. ოლიგარქის მმართველის მითითებით, სანაპირო ზოლს უკვე მეოთხე დღეა, სპეცტექნიკა იღებს.

გადაწყვეტილება კი ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც შეკვეთილში აქციები გახარიას გადაყენების მოთხოვნით დაიწყო.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავრილოვის ღამის გამო, ყოველ ღამით დავიწყეთ პერმანენტული აქციების მოწყობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან სახელწოდებით - "გააღვიძე ოლიგარქი", ის ოლიგარქი ცდილობს, ყველანაირად შეგვიშალოს ხელი, ჯერ გადათხარა, ხელოვნური ბარიერები მოაწყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, როგორც ჩანს, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და დაიწყო ზღვის საცხოვრებელ სახლთან მიყვანა იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება, დავდგეთ და გავაპროტესტოთ. ბუნებრივია, ზღვაში ვერ დავდგებით და ვერ გავაპროტესტებთ,“ - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით მჟავანაძემ.

 აქციის მონაწილეები დღეიდან ოლიგარქის სახლთან მიახლოებას ვეღარ შეძლებენ, რადგან იმ მიწაზე, სადაც აქციები ტარდებოდა, უკვე ზღვაა მიყვანილი.

„ეს არის წარმოუდგენელი მარაზმია. რისთვის? იმისთვის, რომ ადამიანები გამოხატავენ სამართლიან პროტესტს, რომ გაუშვას გახარია. ამისთვის, ზღვა უნდა მოიყვანოს სახლამდე, ამისთვის უნდა გადააადგილო ყველაფერი, რაც შენ გინდა, იმისთვის რომ მომიტინგეებს ხელი შეუშალო. სირცხვილია უბრალოდ, მეტი არაფერი. გახარია უნდა წავიდეს, ზღვა, წყალი, ხმელეთი ეკუთვნის ხალხს,“ - აცხადებს ბონდო თედორაძე.

დღის ამბები