"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ "ტვ პირველის" მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს. ნატა ძველიშვილის თქმით, როდესაც კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ჩნდება პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლება იყენებს ყველა ხერხს იმისთვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული და ამის მაგალითია "რუსთავი 2-ის" საქმე. ნატა ძველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ "ტვ პირველი" არ იქნება შემდეგი და ის დამოუკიდებელ მაუწყებლობას გააგრძელებს.
„იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც "ტვ პირველს" და გავლენას არ იქონიებს "ტვ პირველის" მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "ტვ პირველის" ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. "რუსთავი 2-ის" საქმემ პრაქტიკულად გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც ტვ პირველის შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
"ტვ პირველის" მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. ვატო წერეთელი წერს, რომ "ტვ პირველს" არავის მოაგუდინებს.