ხელისუფლების მორიგი სამიზნე "TV პირველი" ხდება - ოპოზიციაში ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ქვეყანა სრული სვლით დიქტატურისკენ მიჰყავს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ყველა კრიტიკული არხისა და პოლიტიკოსის გაჩერებას ცდილობს.
"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქიბარ ხალვაშის ხელით ის შეცვლის ეტაპობრივად "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკას, მან მოიცალა სხვა კრიტიკული მედიისთვის და კონკრეტულად "ტვ პირველისთვის", ბუნებრივია, ეს იქნება მისი მცდელობა, გააკონტროლოს კიდევ ერთი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება იმიტომ, რომ მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია კრიტიკული აზრის და თავისუფალი სიტყვის არსებობა ქვეყანაში იმიტომ, რომ ხვდება, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია და მისი პოლიტიკური პროექტის კრახი არის გარდაუვალი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
"მივდივართ დიქტატურისკენ, ავტორიკრატული რეჟიმის დამკვიდრებისკენ, სადაც ერთი ადამიანი კლავს ყველა კრიტიკულ მედიასაშუალებას თუ კრიტიკულ განწყობის პოლიტიკურ პარტიას, აქვს ამის მცდელობა ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა დავუშვათ და სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ კრიტიკული მედია," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ შვიდწლიანი კრახის ბოლოს ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია და ამ რეჟიმში ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს კრიტიკული აზრი. კახიძის თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს, ძალიან ცუდად დაასრულებს.
"ეს არის სრულიად უნაყოფო მცდელობა, მინდა, მოვუწოდო, თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია, ივანიშვილის ირგვლივ გააფრთხილონ მათი ლიდერი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ეს არის დიქტატორების გზა და ამ გზაზე გამორიცხულია, რომ რომელიმე ხელისუფალმა წარმატებას მიაღწიოს,"- ამბობს ოთარ კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელიაც აცხადებს, რომ რეალურ სამიზნეს "TV პირველი" წარმოადგენს. მისი თქმით, სასაცილოც კი არის, რომ ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში მართლაც TBC ბანკის საქმეზე იყოს დაბარებული.
"ეს შესაძლოა, მიემართებოდეს, ეს ინტერესი ტელევიზიისკენ, ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი, არ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ იმდენად შორს წავიდეს ეს უგუნურება და იმდენად შორს წავიდნენ ასეთი სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარებით, რომ გაჩნდეს ტოტალური კონტროლის განცდა თუ შეგრძნება იმისა, რომ ყველაფრის კონტროლი გინდა და ყველაფერი გინდა შენს ხელში იყოს," - აცხადებს ეკა ბესელია.