გაზრდილი სამივლინებო ხარჯები - საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. წელს იანვრიდან ივნისამდე, 6 თვეში პრემიერმა ბახტაძემ და მისმა გუნდმა 2 მილიონ 320 ათასი ლარი უცხოეთში ვიზიტებისთვის დახარჯეს.
მაშინ, როცა შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ორი მილიონი ლარით არის გაზდილი მივლინებებში ყველა საბიუჯეტო უწყებაში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ, რაც კიდევ უფრო აუფასურებს ეროვნულ ვალუტას.
„არა არსებობს არცერთი სახელმწიფო დაწესებულება,სადაც არ არის გაზრდილი მსგავსი ხარჯები. რას ნიშნავს სამივლინებო ხარჯები? ეს ნიშნავს,რომ გამოგაქვს ლარი, მიდიხარ და ყიდულობ დოლარს, ევროს. ეს ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებაში საბიუჯეტო ფლანგვები ღებულობს მონაწილეობას.
იმას კი არ ვამბობ, რომ სამივლინებო ხარჯებმა გააუფასურა ლარი, მაგრამ როდესაც მასშტაბურად მსგავსი რამ ხდება ყველგან, როდესაც ასეულობით მილიონებით ფული გადის უსარგებლო პროექტებში და შემდეგ მისი ნაწილი ილექება და უკან უბრუნდება კორუფციულად სახელმწიფო ჩინოვნიკებს, სწორედ ეს არის ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი,"-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ამბობს,რომ გადასახადების გადამხდელების ფულის ფლანგვა ეს არის ქართული ოცნების განუყოფელი ნაწილი.
„ერთ-ერთი შტრიხი "ქართული ოცნების" მეობის, განუყოფელი ნაწილია მილიონერებისთვის ღარიბების ფულის ჩუქება, როგორც გამოვლინდა ცოტა ხნის წინ,"- ამბობს კანდელაკი.
მისი თქმით, როცა ქვეყანა არ აწარმოებს აქტიურ დიპლომატიას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ამ პირობებში სამივლინებო ხარჯების ზრდა, კიდევ ერთი დასტურია "ქართული ოცნების პარაზიტიზმის".
მმართველ გუნდში და პრემიერის ადმინისტრაციაში გაზრდილ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა.