საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის 11 წლისთავს კრემლის მიერ დაწესებული თარიღით აღნიშნავს. მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პირველი შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში 7 აგვისტოს შემოვიდნენ.
ოპოზიციაც და მთელი დასავლური სამყაროც აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებს გუშინვე 7 აგვისტოს გამოეხმაურა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გამოჩნდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის წლისთავის 8 რიცხვში აღნიშვნა რუსული ვერსიის გამეორებაა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და შემდეგ რუსეთმა უპასუხა.
„7 აგვისტოს ყველას გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოდან ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები, ქართული მხარე ცალმხრივად წყვეტდა საპასუხო მოქმედებებს და, ფაქტობრივად, თავდაცვაზე გამოაცხადა უარი, რომ მოლაპარაკებებისთვის მიეცა შანსი მიუხედავად ამისა, გაგრძელდა ინტენსიური დაბომბვა ჩვენი სოფლების, დაინგრა პოლიციის შენობა სოფელ ქურთაში და გაგრძელდა რუსეთის სამხედრო მოქმედებები. მაგრამ როდესაც დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აცხადებს, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ და ადანაშაულებს მაშინდელ ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყებაში მათთვის მნიშვნელოვანია ამ ეპიზოდების გაქრობა ისტორიიდან და ამითი დაბრმავებული პოლიტიკური შურისძიების წყურვილით პრეზიდენტ სააკაშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებაზე დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის საზღვარს არღვევს საერთაშორისო სამართლით ეს არის სამხედრო აგრესია. მისი განცხადებით, რუსულმა ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 7 აგვისტოს, ხელისუფლება კი 8 აგვისტოს აღნიშვნით რუსულ ნარატივს იმეორებს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ამავე დროს პარალელურად მიმდინარეობდა ქართული სოფლების დაბომბვა, ფაქტობრივად, გასროლაც მათი მხრიდან მოხდა პირველად და დიდი ზომის შეიარაღებული ნაწილები მათ შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ამიტომ მტკიცება იმისა, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, ეს არის, სამწუხაროდ, რუსული ვერსიის გამეორება, რომ საქართველომ დაიწყო ომი და შემდეგ რუსეთმა უპასუხა, ეს არის კატასტროფა და დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის," - აცხადებს კანდელაკი.